საერთაშორისო ანალიტიკურმა კომპანია CAPA-მ ევროპული ავიაკომპანიების რენტაბელობის რეიტინგი მოამზადა. მოხსენების თანახმად, 2024 წელს ბევრმა ევროპულმა ავიაკომპანიამ რენტაბელობის ვარდნა აჩვენა.

რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იკავებს, რომლის რენტაბელობამაც 18.5% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი 2023 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, კომპანია უკვე ზედიზედ მესამე წელია, ევროპის ლიდერად რჩება.

მეორე ადგილზე გავიდა International Airlines Group (IAG), რომლის რენტაბელობამ 13.8% შეადგინა. IAG-ს ბრენდებს შორის, საუკეთესო შედეგი British Airways-მა აჩვენა (14.2%), მას მოსდევს ესპანური Iberia (13.6%).

ლიდერებში ასევე მოხვდა ბერძნული Aegean Airlines, 12.8%-იანი რენტაბელობით.

Ryanair-ის რენტაბელობა 11.2%-ია, თუმცა წინა წელთან შედარებით შემოსავლების 4.1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

რეიტინგის აუტსაიდერად Lufthansa Group დასახელდა, რომლის საშუალო რენტაბელობამ 4%-ს ძლივს მიაღწია. თავად Lufthansa-მ გასული წელი უარყოფითი მაჩვენებლით, -0.6%-ით დაასრულა. ექსპერტები ამის მიზეზად გერმანიაში ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ მაღალ გადასახადებს ასახელებენ.

Air France-KLM Group-ის შედეგი 5.1%-ია, რაც ევროპული ავიაკომპანიების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ყველაზე დიდი ზარალი კი Icelandair-სა (-0.9%) და სკანდინავიურ ავიაკომპანია SAS-ს (-5%) ჰქონდათ.

შენიშვნა: რენტაბელობის შეფასება სხვადასხვა სექტორში განსხვავებულია. ავიაციის ინდუსტრიაში, სადაც დიდი ინვესტიციები და დაბალი ფასებია, რამდენიმე პროცენტიანი რენტაბელობაც კი წარმატებად ითვლება.