ბრიტანულმა ავიაკომპანია Flybe-მ 4 მარტს ბოლო ფრენა განახორციელა. როგორც ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 5 მარტიდან კომპანიას დროებითი ადმინისტრაცია მართავს. კომპანიაში ოპერირების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიოში გავრცელებული ახალ კორონავირუსს (COVID-19) ასახელებენ, რომელმაც კომპანია ფინანსურად მნიშვნელოვნად აზარალა. ავიაკომპანიის მგზავრთა რაოდენობა უკანასკნელ ხანებში მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მგზავრთნაკადის კლებამ 40%-იც კი შეადგინა. 

Flybe დღეისათვის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონალური ავიაკომპანიაა, რომელიც აქტიურად ოპერირებდა დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ავიაკომპანიის ფლოტი 63 საჰაერო ხომალდისგან შედგება. 

როგორც ВВС-ი წერს, Flybe-მ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დამატებითი დაფინანსების სახით 100 მლნ ფუნტი სტერლინგის მოძიება ვერ შეძლო. ავიაგადამზიდავი გარკვეულ პრობლემებს 2019 წელსაც წააწყდა და ის ერთ-ერთი კონსორციუმის საკუთრებაში გადავიდა, რომელიც Virgin Atlantic-საც აერთიანებს.

2020 წლის იანვარში, ავიაკომპანიის ახალმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ 30 მლნ ფუნტი სტერლინგის ინვესტირებას გეგმავდნენ და დამატებითი თანხების მოძიებისთვის მთავრობას მიმართეს. 

ავიაკომპანიის კრიზისის ფონზე სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება 2 ათასამდე ადამიანს. ბრიტანეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ მაქსიმალურად დაეხმარება ამ ადამიანებს, რათა სხვა კომპანიებში დასაქმდნენ.