ევროპარლამენტმა მყარი პოზიცია დაიკავა ავიამგზავრთა უფლებების შესახებ რეგულაციის (EU 261) გადახედვის პროცესში. პლენარულ სესიაზე გამართული გადამწყვეტი კენჭისყრისას, დეპუტატებმა უარყვეს წევრი ქვეყნების წინადადებები, რომლებიც მგზავრებისთვის არსებული დაცვის მექანიზმების შესუსტებას ითვალისწინებდა.
ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, მგზავრთა სასარგებლოდ ძალაში რჩება ყველა ის ძირითადი პუნქტი, რომლის შეცვლასაც გარკვეული მხარეები ცდილობდნენ.
კომპენსაციის მოთხოვნის უფლება კვლავ ძალაშია, თუ რეისი დანიშნულების ადგილზე 3 საათზე მეტი დაგვიანებით ჩაფრინდება.
შენარჩუნდა ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რომელიც მანძილის მიხედვით კვლავ 600 ევრომდე შეადგენს.
რეისის გაუქმების, დაგვიანების ან ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაში, მგზავრს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს:
- ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება (Refund);
- ალტერნატიული მარშრუტით გადაყვანა (Rerouting);
- უფასო ზრუნვა და დახმარება (სასმელი, საკვები, საჭიროებისას — სასტუმრო).
ევროპარლამენტის ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია ავიაკომპანიებისა და ზოგიერთი სახელმწიფოს მცდელობაზე, შეემცირებინათ ფინანსური ტვირთი გადამყვანებისთვის მგზავრთა უფლებების ხარჯზე. დეპუტატების განცხადებით, მგზავრთა დაცვის მაღალი სტანდარტი ევროპული საავიაციო სისტემის ფუნდამენტური ნაწილია.
„ჩვენი მიზანია, მგზავრები არ დარჩნენ დაუცველები გაუთვალისწინებელი შეფერხებების დროს. არსებული რეგულაციების შესუსტება დაუშვებელია,“ — ნათქვამია პარლამენტის პოზიციაში.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ან ევროკავშირიდან გამავალი რეისების მგზავრები მომავალშიც ისარგებლებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და ეფექტური დაცვის მექანიზმით.












