ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ COVID-სერტიფიკატებს მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი 553-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 91 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 46-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. დოკუმენტი QR-კოდს შეიცავს და უფასოდ გაიცემა. იგი ადასტურებს, რომ ადამიანი COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილია, რომ მას აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

სერტიფიკატი მხოლოდ 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისი გამოყენება 1-ლი ივლისიდან დაიწყება.

ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის (კარანტინი, იზოლირება ან ტესტირება), თუ ეს ზომები აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ არავაქცინირებული პირების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა უნივერსალური, ხელმისაწვდომი, დროული და უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს სხვა წევრ ქვეყნებში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატები, რომელიც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ნებადართულ ვაქცინებს ეხება. რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს, თითოეული წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ასეთ ვაქცინებზე გაცემული სერტიფიკატები.

წყარო: imedinews