ევროკომისია საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად არ მიიჩნევს.

”ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ფრენების აკრძალვები ეფექტურია პანდემიის შესაჩერებლად”, – ნათქვამია ევროპის ტრანსპორტის კომისრის ადინა ვალეანის განცხადებაში.

ევროკომისიამ მაისში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ფრენებზე შეზღუდვების შენარჩუნების ნებართვა მისცა, მაგრამ ამ რეკომენდაციის გახანგრძლივებას ევროკომისია აღარ აპირებს, რადგანაც ფრენების დროს ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის სანიტარული ზომები უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

ამავე დროს, ევროკომისიის რეკომენდაციაა შენარჩუნდეს დროებითი ნებართვა ლიცენზიის გაგრძელებაზე იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებსაც ფინანსური სირთულეები აქვთ.

ამ ღონისძიების ვადა, რომელიც გაზაფხულზე შემოიღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება, თუმცა ევროკომისიის შემოთავაზებაა, რომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ევროკომისიამ რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნების საბჭოს და ევროპარლამენტს უკვე წარუდგინა.