ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისა და გასვლის ერთიანი სისტემის (Entry/Exit System – EES) სრულფასოვანი ამოქმედების თარიღმა, შესაძლოა, 2026 წლის აპრილიდან იმავე წლის სექტემბრამდე გადაიწიოს. ევროკომისიის წარმომადგენლის, მარკუს ლამერტის განმარტებით, გარდამავალი პერიოდი შესაძლოა დამატებით გახანგრძლივდეს, რათა სისტემას ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს, განსაკუთრებით მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ თარიღად ამ ეტაპზე კვლავ 10 აპრილი სახელდება.
სისტემის ეტაპობრივმა დანერგვამ ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლის პროცედურების მნიშვნელოვანი შეფერხება უკვე გამოიწვია. საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის აეროპორტებში მგზავრებს რიგებში დგომა ხშირად ორიდან სამ საათამდე უწევთ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სისტემის სრული დატვირთვით ამუშავება საწყის ეტაპზე კიდევ უფრო გაზრდის ლოდინის დროს, რაც გადავადების საკითხის აქტუალობას განაპირობებს.
EES წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ წინასწარი რეგისტრაციის სისტემას, რომელიც 12 ოქტომბრიდან ნაწილობრივ უკვე ამოქმედდა. ამჟამად ის სრულად მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებშია ხელმისაწვდომი. სისტემის მიზანი საზღვრის კვეთის მონიტორინგის გაძლიერება და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაა, თუმცა მისი ტექნიკური გამართვა და ქვეყნების მზადყოფნა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.











