ევროკავშირის მიერ „დრონების კედლის“ შექმნის გეგმა, რომელიც ევროპის საჰაერო სივრცე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების (უსაფუძვლო) შეჭრისგან უნდა დაეცვა, პოლიტიკურ წინააღმდეგობებს წააწყდა, იუწყება Reuters რამდენიმე ოფიციალურ პირსა და დიპლომატზე დაყრდნობით.

პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირში რამდენიმე სახის უთანხმოება გამოიკვეთა:

აღმოსავლეთზე კონცენტრაცია: სამხრეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პროექტი ზედმეტად კონცენტრირებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვაზე, მაშინ როცა უპილოტო საფრენი აპარატები საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს მთელი კონტინენტისთვის.

უფლებამოსილების გადაცემის შიში: დიპლომატიური წრეების ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ერიდებიან მსხვილი ევროპული თავდაცვითი პროექტების კონტროლის უფლებამოსილების ევროკომისიისთვის გადაცემას. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ ეტაპზე წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

სახელწოდების კრიტიკა: ევროპელი ოფიციალური პირები აკრიტიკებენ სახელწოდებას „დრონების კედელი“, რადგან არცერთ სისტემას არ შეუძლია ყველა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის მოგერიება.

პროექტი ევროკომისიას ჯერ კიდევ გასულ წელს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა შესთავაზეს. თავდაპირველად ის კონტრაბანდის კონტროლისთვის სენსორებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განლაგების დაფინანსებას ითხოვდა, თუმცა მაშინ ევროპული მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.პროექტი გადამუშავდა უკრაინის ვიცე-პრემიერის, მიხაილ ფედოროვის, ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ, რომელმაც უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრა უპილოტო საფრენი აპარატების შეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სისტემის შემადგენლობა: განახლებული პროექტის მიხედვით, დრონების აღმომჩენი სენსორები უნდა მოიცავდეს: კამერებს, აკუსტიკურ სისტემებს (ძრავის ხმაურის აღმოსაჩენად), სპეციალურ რადარებსა და რადიოსიხშირული დეტექტორებს.

ჩამჭრელი იარაღი: ჩასაჭრელი იარაღი მოიცავს ტყვიამფრქვევებსა და ქვემეხებს, რაკეტებსა და დრონ-ჩამჭრელებს, ასევე დათრგუნვის სისტემებსა და ლაზერებს.

ევროპული „დრონების კედლის“ შექმნის აუცილებლობაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსული უპილოტო საფრენი აპარატები პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. 26 სექტემბერს ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა, „დრონების კედლის“ შექმნის შესახებ პირველი სხდომა გამართა.