ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთიდან (ინგლისი, შოტლანდია, უელსი) შინაური ცხოველების – ძაღლების, კატებისა და ქრცვინების – შეყვანის წესები განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე მოქმედი შინაური ცხოველების პასპორტები ბრიტანეთიდან მგზავრობისას ძალას კარგავს და მათ ნაცვლად ახალი ტიპის ვეტერინარული სერტიფიკატი (Animal Health Certificate) ხდება საჭირო.
ახალი რეგულაციის თანახმად, ვეტერინარული სერტიფიკატი ყოველი მგზავრობის წინ თავიდან უნდა გაფორმდეს. დოკუმენტი ძალაშია 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის შიგნით გადაადგილებისთვის და ასევე დიდ ბრიტანეთში უკან დასაბრუნებლად. ბრიტანეთის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ ევროკავშირის ძველი პასპორტები აღარ იქნება მიღებული მაშინაც კი, თუ ისინი ადრე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყო გაცემული. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება დამხმარე ძაღლებზეც (service dogs).
გარდა დოკუმენტაციისა, დაწესდა დამატებითი შეზღუდვებიც: კერძო ტრანსპორტით მაქსიმუმ ხუთი ცხოველის გადაყვანაა ნებადართული, ხოლო თუ ცხოველი მესამე პირს გადაჰყავს, მფლობელის წერილობითი თანხმობაა აუცილებელი. ევროკავშირის შინაური ცხოველის პასპორტი ამიერიდან მხოლოდ ევროკავშირის მუდმივ რეზიდენტებზე გაიცემა და ის აღარ იქნება ხელმისაწვდომი სეზონური ვიზიტორებისა თუ ბრიტანელი მფლობელებისთვის, რომლებიც ევროპაში დასასვენებელ სახლებს ფლობენ. არასწორი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ცხოველს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქმება.












