2024 წლისთვის დაგეგმილი იყო მოგზაურობის თვალთვალის სისტემის ამოქმედება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში, მაგრამ პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო.
ამის შესახებ პორტალი schengenvisainfo.com ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
„თავდაპირველად ვიმედოვნებდით, რომ EES ამოქმედდებოდა ამ წლის ბოლოს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის დასაწყისში. გაუთვალისწინებელი შეფერხებების გამო, ცხადი გახდა, რომ ეს ვადები მიუღწეველი იყო. შედეგად, ETIAS-ის განხორციელება გადაიდო 2025 წლის მაისისთვის, შემდგომი გადადების შესაძლებლობით“, – განუცხადა პორტალს ევროკავშირის წარმომადგენელმა.
EES არის კიდევ ერთი სასაზღვრო კონტროლის სისტემა, რომელიც ასევე თვალყურს ადევნებს მოკლევადიანი ვიზის მქონე მოქალაქეების ევროკავშირში მოგზაურობებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს ორი სისტემა „ღრმად“ არის დაკავშირებული და ETIAS ვერ იმუშავებს EES-ის გარეშე. პირველი სისტემის დანერგვა უკანასკნელის დანერგვიდან 5-6 თვეში იქნება შესაძლებელი. თუმცა, EES-ის გაშვების თარიღი ჯერ კიდევ 2024 წელია.