ევროკავშირის ქვეყნები ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეებისთვისაც ხსნიან საზღვრებს. BM-ის ინფორმაციით, საუბარია WHO-ს მიერ ავტორიზებულ ნებისმიერ კოვიდვაქცინაზე. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ე.წ. მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩინური და ინდური ვაქცინებით აცრის შემთხვევაშიც დასაშვები იქნება.
ცნობისთვის, ამ დრომდე ევროკავშირი მხოლოდ EU-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს, მათ შორის „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინებს აღიარებდა.
რაც შეეხება ჩინურ „სინოვაკს“ და „სინოფარმს“, ასევე ინდურ Bharat Biotech-ს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია, ევროკავშირი არ აღიარებდა.
„წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ ევროკავშირში არაარსებით მოგზაურობაზე დროებითი შეზღუდვა იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილი არიან ევროკავშირის ან WHO-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც „როიტერსი“ იტყობინება, შეზღუდვები უქმდება იმ მოგზაურებისთვის, რომლებსაც ვაქცინის მეორე დოზა სულ მცირე 14 დღით ადრე ექნებათ გაკეთებული გამგზავრებამდე, და მეორე დოზის მიღებიდან არ იქნება გასული 270 დღეზე მეტი.
გარდა ამისა, EU-ს განცხადებით, მოგზაურებს, რომელთა კოვიდინფიცირებიდან არ იქნება 180 დღეზე მეტი გასული, ასევე უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა, მათ შორის ტურისტული მიზნებითაც.
შეზღუდვების მოხსნა 2022 წლის 1 მარტიდან უნდა დაიწყოს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიეცათ რეკომენდაცია რომ ამ დრომდე არსებული აკრძალვები სწორედ მარტის დასაწყისიდან მოხსნან.