ევროპაში ავიაგადაზიდვების წესების რეფორმის მცდელობის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებმა დაამტკიცეს სადავო კომპრომისი მგზავრთა უფლებების საკითხში — რაც ერთმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, ხოლო სხვებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის ქვეშ მოქმედი ევროკავშირის საბჭო ამტკიცებს, რომ განახლებული წესები მგზავრებს უფრო მკაფიო გარანტიებს სთავაზობს, ევროპარლამენტარები და მომხმარებელთა უფლებების დამცველები აფრთხილებენ: ინოვაცია არყევს უკვე ჩამოყალიბებულ უფლებებს, განსაკუთრებით ფრენების დაგვიანებისთვის კომპენსაციის საკითხში.
12 წელი დისკუსიებში
ევროკავშირში მგზავრების უფლებებისა და ავიაკომპანიების ვალდებულებების მოწესრიგების კანონმდებლობის რეფორმირება 2013 წლიდან ცდილობენ. მოქმედი წესები ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული. ისინი მგზავრებს ფართო უფლებებს ანიჭებს, თუმცა ავიაკომპანიები მათ ყოველთვის არ იცავენ. ზოგ შემთხვევაში, ფრენის გაუქმებისთვის ან დაგვიანებისთვის კომპენსაციის მიღების მცდელობა მრავალთვიან სამართლებრივ სირთულედ გადაიქცა.
„მიღებული ვერსია პასუხობს როგორც ავიამგზავრების, ისე ავიაკომპანიების დაჟინებულმოთხოვნას – თანამედროვე, უფრო ზუსტ და გასაგებ წესებზე. განახლებული რეგლამენტი მგზავრებს 30-ზე მეტ ახალ უფლებას მიანიჭებს — ბილეთის შეძენის მომენტიდან დანიშნულების პუნქტში ჩასვლამდე. ეს ისტორიული მიღწევაა, რადგან შეთანხმების მიღწევა ბოლო 12 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა,“ — განაცხადა პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დარიუშკლიმჩაკმა.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, მარშრუტები ორ კატეგორიად დაიყოფა: 3500 კმ-მდე და 3500 კმ-ს ზემოთ. პირველი კატეგორიის მარშრუტებისთვის კომპენსაცია 300 ევრო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფრენა 4 საათზე მეტით დაგვიანდება. მეორე კატეგორიისთვის კომპენსაციის ოდენობა 500 ევროა, თუ დაგვიანება 6 საათს გადააჭარბებს.
თუ რეისი 3 საათით ან მეტით დაგვიანდა და ავიაკომპანიამ მგზავრს ალტერნატიული მარშრუტი არ შესთავაზა, მას უფლება ექნება დამოუკიდებლად მოაწყოს გადაადგილება. ამ შემთხვევაში, მგზავრი შეძლებს მოითხოვოს საწყისი ბილეთის ღირებულების ხუთგზის ოდენობით კომპენსაცია.
„ნაბიჯი უკან“ ავიამგზავრების დაცვის კუთხით
ყველას არ სჯერა, რომ ეს რეფორმა ავიამგზავრების უფლებების დაცვის გაძლიერებას ნიშნავს. ევროპარლამენტში წარმოდგენილმა ევროპელმა სახალხო პარტიამ (EPP) საჯაროდ განაცხა, რომ ევროკავშირის საბჭოს პროექტი არსებულ, უკვე ჩამოყალიბებულ უფლებებს ასუსტებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ უფლება, დააკნინონ ის უფლებები, რომლების მოპოვებაც დიდი ძალისხმევით მოხერხდა. მოქმედი წესები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს. მათი შესუსტება მოქალაქეების ნდობას დააკარგვინებს ევროკავშირს, როგორც მათი ინტერესების დამცველს,“ — აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრეი ნოვაკოვი, რომელიც ევროპარლამენტის მთავარი მომლაპარაკებელია ავიამგზავრების უფლებების საკითხში.
ამჟამად, 3 საათზე მეტი დაგვიანება ავტომატურად იძლევა კომპენსაციის მიღების უფლებას. ზღვრების 4 საათამდე აწევა ნიშნავს, რომ ბევრ მგზავრს შეიძლება აღარ ექნეს უფლება კომპენსაციაზე იმ დისკომფორტისთვის, რაც დაგვიანებას მოჰყვა.
რა იქნება შემდეგ?
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრებმა პროექტი დაამტკიცეს, ავიაგადაზიდვების წესების რეფორმა გადაეცემა ევროპარლამენტს მეორე მოსმენისთვის. დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა ტექსტი დაამტკიცონ, უარი თქვან მასზე ან შესწორებები შეიტანონ.
მოლოდინია, რომ წინ დაძაბული ბრძოლა გველოდება. რეფორმის მხარდამჭერები და ავიაკომპანიები ამტკიცებენ, რომ კომპენსაციის ზღვრების გაზრდა საშუალებას მისცემს სისტემას გამონახოს ბალანსი და თავიდან აიცილოს უსაფუძვლო სარჩელები მცირე დაგვიანებების დროს. ამავე დროს, მომხმარებელზე ორიენტირებული ჯგუფების წარმომადგენელმა დეპუტატებმა უკვე განაცხადეს, რომ რეფორმას წინააღმდეგობას გაუწევენ, რადგან ის ამცირებს ავიამგზავრების უფლებებს.












