ევროკავშირის ცხრა ქვეყანამ ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანს ტიმმერმანს, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზეა პასუხისმგებელი, საავიაციო გადასახადის დაწესებისკენ მოუწოდა.
ინიციატორების იდეის თანახმად, რომელთა შორის არიან გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და შვედეთის ფინანსთა მინისტრები, ეს უნდა იყო გარემოს დაბინძურების ანაზღაურება და ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთიან ჩარჩოებში მოაქციოს.
დამატებით არგუმენტად მითითებულია ის, რომ ავიაცია ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით გადასახადებით არც თუ ისე დატვირთულია. ინდუსტრია გათავისუფლებულია გარკვეული აქციზური გადასახადებისაგან, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე დღგ არ ვრცელდება.
გერმანიამ ჯერ კიდევ 2011 წელს დააწესა გადასახადი ავიაკომპანიების ბილეთებზე. ახლა ქვეყანა აღნიშნული პრაქტიკის გაზიარებას ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს სთავაზობს.
დღეისათვის გერმანიის აეროპორტებიდან გამოფრენილი მგზავრი იხდის გადასახადს 7.38 ევროდან 41.49 ევრომდე. თანხა დამოკიდებულია ფრენის დისტანციაზე. ქვეყნის მთავრობა უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს გადასახადი 2020 წლის პირველი აპრილიდან 13.03-59.43 ევრომდე გაზარდოს, იმავდროულად კი საქალაქთაშორისო და გრძელ დისტანციებზე მოძრავი მატარებლების ბილეთზე დღგ 19% -დან 7% -მდე შეამციროს.
2018 წლის 1-ელი აპრილიდან შვედეთმაც შემოიღო გადასახადი ავიაკომპანიის ბილეთებზე, რაც ფრენის დისტანციის შესაბამისად 60-400 კრონას (5.6-37.3 ევრო) შეადგენს.
საფრანგეთი საავიაციო გადასახადის შემოღებას 2020 წლიდან გეგმავს. ინიციატივის თანახმად, ეკონომ-კლასის მგზავრები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით გაემგზავრებიან 1.5 ევროს გადაიხდიან, ხოლო ევროკაშირის საზღვრებს მიღმა გამგზავრების შემთხვევაში აღნიშნული გადასახადი 3 ევრო იქნება. პროპორციულად აისახება გადასახადი ბიზნეს კლასის მგზავრებზეც – 9 ევროს გადაიხდიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით გამგზავრებისას და 18 ევროს ევროკაშირის საზღვრებს მიღმა გამგზავრების შემთხვევაში.
ქვეყნის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Air France- მა განაცხადა, რომ მას ახალი გადასახადი წელიწადში 60 მლნ ევროზე მეტი დაუჯდება, რაც შეამცირებს მის საინვესტიციო შესაძლებლობებს თანამედროვე თვითმფრინავების შეძენის მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად აბინძურებენ გარემოს. ამასთან, ავიაკომპანია ფიქრობს, რომ აღნიშნული ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს მის კონკურენტუნარიანობას.
ნიდერლანდებში, ავიაციის მიმართულებით ახალი გადასახადის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. გადასახადი თითოეულ მგზავრზე 7 ევრო იქნება. იმავდროულად, ქვეყანას სურს, საჰაერო გზით გადაზიდულ ტვირთებზე გადასახადი შემოიღოს, საუბარია 1 ტონა ტვირთზე 3,85 ევროს ოდენობის გადასახადზე.