ევროკავშირმა აზერბაიჯანს საავიაციო შეთანხმება შესთავაზა და ახლა მისგან პასუხს ელოდება. ევროკავშირის მიერ გაკეთებული შეთავაზებები ეხება ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-საც (AZAL), რომლის მიხედვითაც ევროგაერთიანება აზერბაიჯანს AZAL-ის პრივატიზაციას ურჩევს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Report-ს ევრო სტრუქტურიდან წყარომ მიაწოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ AZAL-ს შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტს მეტი შემოსავალი მოუტანოს. ჩვენ AZAL-ის პრივატიზაციაზე გატანას ვურჩევთ. მათ შეუძლიათ სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიარონ და ამ ქვეყნების გამოცდილების შესახებაც ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ მივუთითეთ, რომ AZAL-ის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში არაფერი ნეგატიური არ არის“.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის AZAL-ის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ცოტახნის უკან მოლდოვამ პრივატიზაციაზე გაიტანა ეროვნული ავიაგადამზიდავი. საქართველოში ეს რამდენიმე წლის უკან მოხდა და შესაბამისად ქვეყანამ ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს გააფორმა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყანამ ევრო რეგულაციების ინტენსიური დანერგვა დაიწყო. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ევრო რეგულაციებიდან უკვე დანერგილი აქვს მგზავრთა უფლებების დაცვის შესახებ ყველა რეგულაცია.