ავიაკომპანია Eurowings-მა გერმანიის „ევროვიზიის“ წლევანდელი წარმომადგენლის, 33 წლის სარა ენგელსის ბარგი დაკარგა. მომღერლის ჩემოდანი, რომელშიც სცენური სამოსი ინახებოდა, ვენისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ავსტრიის დედაქალაქი მასპინძლობს 2026 წლის სიმღერის კონკურსს. მომხდართან დაკავშირებით მომღერალმა სოციალურ ქსელში იხუმრა კიდეც და გამომწერებს აუწყა, რომ თუ სცენაზე პიჟამით გამოვიდოდა, ეს მისი ბრალი არ იქნებოდა.

მოგვიანებით ავიაკომპანიამ ხარვეზი დაადასტურა, თუმცა საზოგადოება დაამშვიდა, რომ ჩემოდანი ოპერატიულად იპოვეს და ვენაში ჩაიტანეს, სადაც ის უკვე გადაეცა ენგელსსა და მის გუნდს. ამჟამად გერმანიის წარმომადგენელი „ევროვიზია 2026“-ის პირველი ნახევარფინალისთვის ემზადება, რომელიც 12 მაისს გაიმართება, კონკურსის ფინალი კი 16 მაისსაა დაგეგმილი.

ბარგის დაკარგვის შემთხვევები ბოლო პერიოდში სხვა ავიახაზებზეც დაფიქსირდა. აპრილის ბოლოს Lufthansa-მ რუსი რეჟისორის, პაველ ტალანკინის „ოსკარის“ ქანდაკება დაკარგა ნიუ-იორკიდან ფრანკფურტის მიმართულებით რეისზე. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა ჯილდოს ბარგში ჩაბარება მისი პოტენციური საფრთხის გამო მოითხოვა. საბოლოოდ, ქანდაკება გერმანიაში იპოვეს, ავიაკომპანიამ კი მფლობელს ბოდიში მოუხადა და კუთვნილი პრიზი დაუბრუნა.