Eurowings-ის პილოტები 17-19 ოქტომბერს სამდღიან გაფიცვას გეგმავენ, ვინაიდან მოლაპარაკებები სამუშაო საათების შემცირების თაობაზე ჩიხში შევიდა. კონსულტაციები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინდუსტრიული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთავარ მოთხოვნად თანამშრომლების სამუშაო დატვირთვის შემცირება რჩება, ვინაიდან, მათი შეფასებით, კომპანიის რეგულარული განრიგი იწვევს პილოტების მნიშვნელოვან დატვირთვას, რაც უნდა შეიცვალოს.
გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის პილოტების მხრიდან ერთ თვეში ეს უკვე მეორე გაფიცვაა. პილოტების ერთდღიანმა გაფიცვამ 2 ოქტომბერს, ასობით ფრენის გაუქმება გამოიწვია.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ მნიშვნელოვანი შეზღუდვებისა და შედეგების გამო, რომელიც გაფიცვას მგზავრებისთვის მოაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტი ამ პრობლემის გადასაჭრელად უმოკლეს დროში დაგვეკონტაქტება“, – აცხადებს გაფიცვის საორგანიზაციო ჯგუფის სპიკერი მათიას ბაიერი.