გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო – კომპანიის მიერ დიუსელდორფიდან შესრულებულ პირველ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, „ლუფთანზა ჯგუფის” რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი, Eurowings – ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და „ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დახვდნენ.

„ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings – თან, რომელიც „ლუფთჰანზას ჯგუფის” წევრი ავიაკომპანიაა, მოლაპარაკება საქართველოს ბაზარზე ჩამოსაყვანად დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ფრენების შესახებ კომპანიამ მიიღო პანდემიის დროს – ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება,” – განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

მისი ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებლებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ჯამურად, 2019 წელს არსებული ფრენების სიხშირეებისა და მგზავრთა რაოდენობის 70 პროცენტი მიღწეულია. მინისტრის შეფასებით, კარგად მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და ეს არის ძალიან დიდი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში.

„რაც შეეხება Eurowings – ის პირველ რეისს, ის არის პრაქტიკულად სრულად დატვირთული 172 მგზავრით. ეს არის ის ავიაკომპანია, რომელიც, ტრადიციულად, ემსახურება ახალგაზრდა ტურისტებს გერმანიიდან, რომლებიც ჩამოდიან, რომ გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურისტულ ობიექტებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხვა ახალი ავიაკომპანიებიც დაგვემატოს,” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საკმაოდ მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იქნება ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გერმანიაში დაფრინავენ სამუშაოდ, სამკურნალოდ ან უბრალოდ ტურისტული მიზნებისთვის.

Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 4 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის მესამე მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება. აქამდე ფრენები სრულდებოდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებებით. მიმდინარე წლის აგვისტოდან მიმართულებებს დაემატება ასევე ფრანკფურტი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით 31 ავიაკომპანია ოპერირებს 34 მიმართულებით.