EUROCONTROL-ის მიერ გამოქვეყნებული 2026-2032 წლების შვიდწლიანი საპროგნოზო დოკუმენტის თანახმად, ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, თუმცა ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო, მოლოდინები შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელი ავიაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ფრენების რაოდენობამ პანდემიამდელ, 2019 წლის ნიშნულს მიაღწია (11.05 მილიონი ფრენა), 2026 წლისთვის ზრდის ტემპი დაკორექტირდა.
თებერვლის ბოლოს რეგიონში ესკალაციის დაწყების შემდეგ, ექსპერტებმა 2026 წლის პროგნოზი ქვემოთ დაწიეს. მიმდინარე წელს ECAC-ის (ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია) ზონაში 11.3 მილიონამდე ფრენაა მოსალოდნელი, რაც 2025 წელთან შედარებით 2.7%-იან ზრდას ნიშნავს. ეს მაჩვენებელი იმაზე დაბალია, ვიდრე კრიზისამდე ვარაუდობდნენ, რაც გამოწვეულია გაურკვევლობით, მოთხოვნის შესუსტებითა და საოპერაციო შეფერხებებით, მათ შორის რეისების იძულებითი გადამისამართებით.
გრძელვადიან პერსპექტივაში, 2026-2032 წლებში, ფრენების საშუალო წლიური ზრდა 2.1%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ვარაუდობენ, რომ 2032 წლისთვის ევროპის ცაზე წელიწადში დაახლოებით 12.8 მილიონი ფრენა შესრულდება. EUROCONTROL-ის ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გეოპოლიტიკური რისკების, ეკონომიკური არასტაბილურობისა და ენერგობაზარზე არსებული მდგომარეობის გამო, პროგნოზი მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება, რის გამოც ავიაკომპანიებსა და ოპერატორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.












