საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ინიციატივას, რომელიც ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებას ითვალისწინებს. ავიაინდუსტრიისთვის 1.1 მლრდ ევროს მოცულობის გადასახადების გადავადების საკითხი EUROCONTROL-მა წევრ სახელმწიფოებთან შეათანხმა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ, რომელიც ამავე დროს არის EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.

EUROCONTROL-ის ინიციატივის თანახმად, ავიაკომპანიებს მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი გადაუვადდათ შემდეგი სქემით: მიმდინარე წლის თებერვლის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2020 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის მარტის – 2021 წლის თებერვალში, მიმდინარე წლის აპრილის – 2021 წლის მაისში, ხოლო მიმდინარე წლის მაისის – 2021 წლის აგვისტოში.

„სამწუხაროდ, ავიაციის სექტორი დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და უახლოესი პერიოდის პროგნოზებიც ამ მიმართულებით საკმაოდ პესიმისტურია. საქართველომ, როგორც EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ორგანიზაციის ინიციატივას ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით. ამით, პრაქტიკულად გათვალისწინებული იქნა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) თხოვნაც სახელმწიფოებისადმი, მხარი დაეჭირათ ავიაკომპანიებისთვის კრიზისის დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ საერთო ძალებით შევძლებთ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას“ – აღნიშნა ლევან კარანაძემ.

”მოხარული ვარ, რომ ჩვენმა წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ეს ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ლიკვიდობას. EUROCONTROL- ს დაუკავშირდა არაერთი ავიაკომპანია, რომლებიც ადასტურებენ, რომ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საჰაერო მიმოსვლის 90%-იანი შემცირების ფონზე, წევრი სახელმწიფოები აღიარებენ საერთო გამოწვევას. ამ გადასახადების გადავადება ავიაკომპანიებს ტვირთს შეუმსუბუქებს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რადგან საავიაციო ინდუსტრიისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაა“ – განაცხადა EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა.