ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველო და ორგანიზაცია შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობენ, რაც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ამის შესახებ ემონ ბრენანმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ”, – განაცხადა ემონ ბრენანმა.

ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილი. ვიცე-პრემიერმა ევროკონტროლის ხელმძღვანელთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული ურთიერთოები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილა. მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან საუბარი რიგი კონკრეტული საკითხების გარშემო წარიმართა.

ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო 2014 წელს გახდა ორგანიზაციის წევრი.