საფრანგეთში დაანონსებული ინტერ-პროფესიული სოციალური მოძრაობა, კერძო და საჯარო სექტორის მუშაობაზე მოახდენს გავლენას, – ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ი ავრცელებს.
აქციის მსვლელობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე, მათ შორის საერნავიგაციო, საჰაერო ნაკადების მომსახურების სისტემაზე.
ცნობილია, რომ საყოველთაო გაფიცვა საფრანგეთში 13 იანვრიდან 17 იანვრამდე იმართება.
გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ ავიაკომპანიების Air France-ისა და Lufthansa-ს თანამშრომლები. Air France-ი მგზავრებს, რომელთაც ბილეთები აქვთ შეძენილი მათ გადაცვლას სთავაზობს, ასევე შესაძლებლობას აძლევს თანხა დაიბრუნონ. 
დეკემბრის დასაწყისში საპენსიო რეფორმის წინაღმდეგ მიმართული აქციების მიმდინარეობის დროს საფრანგეთში დაგეგმილი ავიარეისების მესამედი გაუქმდა. საყოველთაო გაფიცვების მიუხედავად, პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზარდა. რეფორმა გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებასაც ითვალისწინებს. 
მასობრივი გაფიცვა ასევე ჩანიშნულია იტალიაში, 14 იანვრისთვის. იქ სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციების ტალღა უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. garda.com-ის ცნობით, 14 იანვარს დაგეგმილ აქციას შეუერთდება ავიამეთვალყურეები, რომლებიც 13:00-დან 17:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტენ.

აღსანიშნავია, რომ ფრენების გადადების შესახებ უკვე განაცხადა Alitalia-მ. გაფიცვას შეუერთდება იტალიის სხვადასხვა აეროპორტის თანამშრომლები, ასევე Easyjet-ისა და Ernest Airlines-ის თანამშრომლები. გამოცემა წერს, რომ გაფიცვის გამო მოსალოდნელია სხვა ავიარეისების გადადებაც, ასევე არ არის გამორიცხული მოთხოვნა გაიზარდოს ალტერნატიულ ფრენებზე.