EUROCONTROL-ი მიმდინარე წელს საავიაციო სფეროში ტრაფიკის აღდგენაზე მიუთითებს – ომიკრონ-შტამის გავრცელების, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შოკის, ევროპაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად.
2022 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის ტრაფიკი 2019 წლის დონესთან შედარებით 80-90 პროცენტთ აღდგა და მას შემდეგ მსგავს ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი მიღწევაა. მაგრამ სად არის დარჩენილი 10+%? – სვამს კითხვას EUROCONTROL-ი.
2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროპაში ფრენების რაოდენობა 13.1%-ით იყო შემცირებული (4476 ფრენით ნაკლები). ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრ ქვეყნებში შიდა ფრენების კლებამ 2.9% შეადგინა, რაზეც ყველაზე მეტად გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და შვედეთის მონაცემები აისახა.
ECAC-ის ქვეყნების საერთაშორისო ფრენებში კლებამ 5.1% შეადგინა. ამაზე ყველაზე მეტად გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ესპანეთისა და საფრანგეთის მონაცემებმა იმოქმედა.
ECAC-ის გარეთ შესრულებულ ფრენებში 5%-იანი კლება ფიქსირდება. ამაზე, ძირითადად, რუსეთსა და ბელარუსში ფრენების შემცირება აისახა.