ესპანური კომპანია EOS-X Space-ს ინფორმაციით, მსურველებს მომავალი წლიდან სტრატოსფეროში ასვლა უზარმაზარ ბუშტზე დამაგრებული 7 ადგილიანი კაფსულით შეეძლებათ. კომპანიის ცნობით, ისინი შეძლებენ კოსმოსისა და პლანეტის დანახვას დიდი სიმაღლიდან.
EOS-X Space-მა განმარტა, რომ უკვე ასრულებს საკუთარი EOS-X კაფსულის განვითარებას, რომელმაც 2025 წლის მესამე კვარტალში ფრენები სევილიისა და აბუ დაბის ბაზებიდან უნდა დაიწყოს.
ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული კაფსულა, ჰელიუმის ბუშტის გამოყენებით, 7 ტურისტს და ერთ პილოტს დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 40 კმ-ზე აწევს. სტრატოსფეროში მთელ ფრენას სავარაუდოდ დაახლოებით 5 საათი დასჭირდება: ორი საათი დასჭირდება ასვლას, შემდეგ კაფსულა ორი საათის განმავლობაში იქნება სიმაღლეზე და კიდევ ერთი საათი დაღმასვლაში დაიხარჯება.
EOS-X-ს ექნება ერგონომიული სავარძლები, პანორამული ფანჯრები, ბარი და საპირფარეშო. ტურისტებისთვის ბილეთი 150-დან 200 ათას ევრომდე ეღირება.