ესპანეთში გასაყიდად საინტერესო ლოტი გამოიტანეს – სოფელი პორტუგალიის საზღვართან. აღნიშნული სოფლის გაყიდვას უკვე მეორედ ცდილობენ.
„პაკეტში“ შედის 44 სახლი, ბარი, ჰოსტელი, საცურაო აუზი და სპორტული მოედანი, ასევე ეკლესია, ძველი ყაზარმის შენობა, აფთიაქი და პოლიციის განყოფილება. აღნიშნული ლოტის საწყისი ღირებულება 580 000 ევროა.შენობების ნაწილი აღდგენილია ამჟამინდელი მფლობელის მიერ.
სალტო დე კასტროს აქვს კარგი პოტენციალი გახდეს ტურისტული ადგილი. ის მდებარეობს მესეტაიბერიკას ნაკრძალის შუაგულში, სადაც საოცარი ხედები იშლება და წელიწადში დაახლოებით 135 მზიანი დღე ფიქსირდება.
თუმცა სოფელში ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. სავარაუდოა, რომ სოფლის “ოფიციალური გახსნისთვის” მოსამზადებლად საჭირო იქნება დაახლოებით 2 მილიონი ევროს ინვესტიცია. საუბარია სოფლის რეკონსტრუქციაზე.

ამჟამინდელი მფლობელი, ბიზნესმენი ოსკარ ტორეს გალეგო, თავისი ბიზნეს სტრატეგიის გამო ვერ ახერხებს განვითარების დასრულებას. ამიტომ სოფელს ყიდის ახალი მფლობელების გამოჩენის იმედით.