ესპანეთის მთავრობამ დაწესებული ფასიანი მომსახურებისთვის რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – Ryanair, Easyjet, Vueling და Volotea, ჯამში 150 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ესპანეთის სოციალური დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანიებს არ აქვთ უფლება დააკისრონ მგზავრებს სავალდებულო გადასახადი ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ხელბარგის ტარება ან თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით ჯდომის შესაძლებლობა.
სამინისტრომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოწმება გასულ ზაფხულს დაიწყო. ხელბარგისა და ადგილების შერჩევის საფასურის გარდა, უწყებამ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაადანაშაულა იმაში, რომ მგზავრი, ბილეთების შეძენისა და რეისის რეგისტრაციის პროცესში, პროცედურის დასრულებამდე, ვერ ხედავს საბოლოო თანხას, რომელიც მას ყველა სერვისის შეძენა დაუჯდება.
ახლა, ჯარიმის გარდა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ვეღარ აიღებენ დამატებით გადასახადს ესპანეთში ხელბარგზე და თვითმფრინავში მიმდებარე ადგილების უზრუნველყოფისთვის, თუ ბავშვი ან მგზავრი, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული – მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს – სჭირდება მათ გვერდით ადგილი.
ესპანეთის საავიაციო ასოციაციამ (ALA), რომელიც წარმოადგენს ავიაკომპანიებს, ჯარიმებს არაპროპორციული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებს შეუძლიათ გააპროტესტონ სამინისტროს გადაწყვეტილება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს გამოიწვევს ავიაბილეთების გაძვირებას.