„ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს – სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“-ს შორის შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა ფილიპე პასკალმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა და სხვა – სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის შორის ახალი შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომ განვითარებას. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან „ტავ ჯორჯია“-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, განახლებული პირობებითა და მიდგომით 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან განახლებული პირობებით თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მთლიანად სექტორის განვითარებისთვის.
„საქართველოს ავიასექტორის განვითარება არის დინამიური, მდგრადი და შეუქცევადად მზარდი. სწორედ ეს გარემობაა ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც მივიღეთ ვაზიანის ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება. იქამდე კი, ვიდრე ახალი აეროპორტი 2031 წლიდან ოპერირებას დაიწყებს, ჩვენ განვაგრძობთ ფრანგულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით და მათთან მიღწეული გაუმჯობესებული პირობებით ავიაციის სექტორის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.












