ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლებით, ევროკავშირი საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზებას და მისი ეფექტურობის გაზრდას გეგმავს.
ევროპის მწვანე პოლიტიკის ახალი სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, ევროკომისია ერთიანი ევროპული ცის (Single European Sky) მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების ინიციატივით გამოდის. ცვლილების მიზანია ევროპის საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზება და ეფექტური ფრენის ტრაექტორიების შემუშავება. აღნიშნული ინიციატივა საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული ემისიების 10%-ით შემცირებას შეუწყობს ხელს. ამასთან, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა საჰაერო მოძრაობის მკვეთრმა ვარდნამ სისტემის მდგრადობის, არსებულ მოთხოვნებთან ადაპტაციის და მოქნილობის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში.
„თვითმფრინავები ხშირად ზიგზაგისებურად გადაადგილდებიან საჰაერო სივრცის სხვადასხვა მონაკვეთებს შორის, რითაც იზრდება შეფერხებები და საწვავის მოხმარება. საჰაერო მოძრაობის მართვის ეფექტური სისტემა, ნიშნავს მეტ პირდაპირ ტრაექტორიებს, ენერგო ეფექტურობას, საწვავის ნაკლებ მოხმარებას, ნაკლებ ემისიას და ნაკლებ გადასახადებს ჩვენი ავიაკომპანიებისთვის“ – აცხადებს ევროკავშირის კომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ველიანი.
ევროკომისარის განმარტებითვე, არსებული ინიციატივა “ერთიანი ევროპული ცის” მარეგულირებელი ჩარჩოს გადახედვაზე, საჰაერო მოძრაობის უკეთესი და ეფექტური მართვის შედეგად, ხელს შეუწყობს საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული ემისიების 10%-ით შემცირებას. ამასთან, ცვლილება მოახდენს ციფრული ინოვაციების განვითარებას საავიაციო სექტორში. „ახალი წესებით ვეხმარებით ჩვენს საავიაციო სექტორს ორმაგად „მწვანე“ და ციფრული გადასვლების მიღწევაში.“ – განაცხადა ადინა ველიანმა.
2019 წელს მხოლოდ ფრენების შეფერხება ევროკავშირს 6 მილიარდი ევრო დაუჯდა , რამაც დამატებით 11,6 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა გამოიწვია. პილოტების მიმართ არსებული ვალდებულება ოპერირება განახორციელონ გადატვირთულ საჰაერო სივრცეში, იმის მაგივრად რომ აირჩიონ ფრენის პირდაპირი ტრაექტორიები, იწვევს ნახშირორჟანგის არასაჭირო ემისიას. იგივე ხდება, მაშინაც, როდესაც ავიაკომპანიები დაფრინავენ უფრო გრძელ მარშრუტებზე, რათა თავი აარიდონ მაღალი საფასურის მქონე ზონებში ოპერირებას.
„ერთიანი ევროპული ცა“ (SES) ევროკომისიის ამბიციური ინიციატივაა. ეს არის ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ითვალისწინებს საზღვრების რღვევას საჰაერო სივრცეში. SES–ის მიზანია, ევროპული საჰაერო სივრცის სტრუქტურის არქიტექტურის ცვლილების მეშვეობით, საჰაერო მიმოსვლის გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალში.
ახალი კონცეფციის მიხედვით, ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო მომსახურების გაუმჯობესება:
გაზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას და შეამცირებს გადადებული ფრენების რაოდენობას. ასევე აამაღლებს საავიაციო უსაფრთხოების დონეს, მომავალი გამოწვევების შესაბამისად. 10 %-ით შეამცირებს საჰაერო მოძრაობის ზემოქმედებას გარემოზე. დაზოგავს სააერნაოსნო მომსახურების გადასახადებს საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის 50%-ით.
2019 წლის დეკემბერში, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა, იმონ ბრენანმა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ, რომელიც ამავე დროს არის EUROCONTROL-ის მმართველის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი სპეციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ საქართველოს ხელშეწყობას ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციისა და სამოქალაქო-სამხედრო საავიაციო სისტემის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.
დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ეროვნული საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პოლიტიკისა და არსებული სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ანალიზი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
შეთანხმების ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს მიერ აუდიტების ფარგლებში მიღებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას და მათ შემდგომ გაუმჯობესებას, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდას, მაღალი ხარისხის კოორდინაციის მიღწევას სამოქალაქო-სამხედრო ავიაციას შორის, ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროგრამაში ინტეგრირებას და სხვა.
შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და მიზნების შესრულებას საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.
პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შპს „საქაერონავიგაცია“.