ოფიციალური ერევნისა და ბაქოს თხოვნით საქართველომ რუს მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა, – ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გაემგზავრება მთიან ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები“, – აცხადებს აბაშიძე.

9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

წყარო: imedinews.ge