რუსეთში ავიაციის სექტორისთვის მდგრადი საწვავის (SAF) დანერგვის მიზნით ეროვნული სტანდარტების პირველი რედაქცია უკვე მომზადდა. გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტის დოცენტის, მარინა ლობაშოვას განცხადებით, ქვეყნისთვის ყველაზე ლოგიკური იქნება ეკოლოგიური საწვავის წარმოება მეორადი (გამოყენებული) ზეთებისგან დაიწყოს, რადგან ამისთვის საჭირო ტექნოლოგიური და სერტიფიცირების ბაზა უკვე არსებობს.
საერთაშორისო მოთხოვნების თანახმად, 2027 წლიდან ავიაკომპანიებს მოუწევთ ან CO2-ის ემისიების კომპენსირება, ან SAF-ის გამოყენება. ექსპერტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ნედლეულის დიდი პოტენციალი აქვს, სერტიფიცირების სისტემის არარსებობისა და საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, მასობრივი წარმოების დაწყება 2030 წლამდე უფრო რეალისტურია. სამომავლოდ ასევე განიხილება საწვავის მიღება ხის ნარჩენებისა და ცელულოზის ბიომასისგან, რაც უფრო ხელმისაწვდომი რესურსია, თუმცა დიდ საწყის ინვესტიციებს მოითხოვს.
პროგნოზების მიხედვით, შესაბამისი ქარხნების მშენებლობის შემთხვევაში, რუსეთს 2030 წლისთვის წლიურად 150 ათასი ტონა SAF-ის და 500 ათას ტონამდე დაბალნახშირბადიანი საწვავის (LCAF) წარმოება შეეძლება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პროცესი საპილოტე პროექტებით უნდა დაიწყოს, რაც პირველი ქარხნის მშენებლობას, ავიაკომპანიებთან სატესტო მიწოდებაზე შეთანხმებასა და პარალელურად ეროვნული სტანდარტების სრულყოფას გულისხმობს.












