8 მაისს, უკრაინული როკ-ჯგუფი Without Limits-ი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რომელიც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდება. ჯგუფი აღნიშნულ კონცერტს უკრაინელი ექიმების მხარდასაჭერად მართავს. 

კონცერტი 19:30 საათზე აეროპორტის ანგარში შედგება. კონცერტის დროს კი ჯგუფის წევრებს შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია. 

ვინაიდან უკრაინაში საკარანტინე შეზღუდვები ისევ ძალაშია, კონცერტი მაყურებლის გარეშე ჩაივლის. კონცერტის ტრანსლირება ონლაინ, თავად Without Limits-ის, ბორისპოლის აეროპორტისა და ავიაკომპანია FlyUIA-ს Facebook-ის გვერდებით მოხდება. FlyUIA აღნიშნული ანგარი იჯარით აქვს აღებული. 

მუსიკოსებს იმედი აქვთ, რომ კონცერტის შედეგად 100 ათას გრივნას შეაგროვებენ და უკრაინის საავადმყოფოებისათვის სამედიცინო ნიღბებს შეიძენენ.