ყირგიზულმა ავიაკომპანია Air Manas-მა ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკი მიმართულებაზე ფრენები შეაჩერა, ამის შესახებ AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს. ბიშკეკსა და ბათუმს შორის ფრენების შეჩერების მიზეზად ყირგიზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავება სახელდება.
აღსანიშნავია, რომ Air Manas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები 18 ივლისიდან დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისები 1-ელ ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) უნდა განეხორციელებინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.