1-ლი ივლისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებს და მოთხოვნის ზრდასთან ერთად სიხშირეების ზრდაზეც იქნება ორიენტირებული. ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისათვის ბაზირებული ხომალდით Wizz Air-ი ფრენებს განახორციელებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკას და მემინგენის მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის ვაკო ჭილაშვილის განმარტებით, აეროპორტში ბაზირებული თითო ხომალდი 6-7 ახალი მიმართულების გახსნის ეკვივალენტურია.
“ეს არის გარანტირებული მიმართულებები, თითო ხომალდზე 6-7 მიმართულება და გარანტირებული სამუშაო ადგილები იმიტომ, რომ ბაზირებული საჰაერო ხომალდის ბორტგამცილებლები, ხშირ შემთხვევაში პილოტებიც დაკომპლექტებულნი არიან ადგილობრივი კადრებით. ასევე ბაზირებული საჰაერო ხომალდისთვის საჭიროა დამატებითი პერსონალი, რომელიც ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ან ქუთაისში მუშაობს. ეს კი დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.
რაც შეეხება ბაზის დაბრუნებას, მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პირობებში ევროპასთან საჰაერო მიმოსვლა თითქმის მთლიანად იყო შეჩერებული. პანდემიის განმავლობაში Wizz Air-ი სულ რამდენიმე რეისს ახორციელებდა, შესაბამისად მათ მოუწიათ საჰაერო ხომალდების გადაყვანა საბაზისო აეროპორტში”, განმარტავს ვაკო ჭილაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას Wizz Air-თან საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობები გააჩნია.
“ავიაკომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ვიცოდით, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ მაშინვე, როდესაც ეს შესაძლებელი გახდებოდა და ამის საშუალებას მოგვცემდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, შეზღუდვები.
და როგორც ხედავთ, 1-ელი ივლისიდან Wizz Air-ი აბრუნებს 1 ბაზირებულ ხომალდს, რომლითაც შეასრულებს რეისებს ქუთაისიდან 6 ახალი მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.
ბაზირებული ხომალდის დაბრუნებამდე Wizz Air-მა რამდენიმე თვეა რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაახლა ოპერირება, ხოლო ბაზირების შემდეგ კი დაამატა 6 ახალი მიმართულება.
ბაზირებულ მიმართულებებზე შესრულდება ფრენები კვირაში 1 სიხშირით. მოგეხსენებათ ეს გამოწვეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი შეზღუდვებით, რომელიც ევროპაშია დაწესებული და შესაბამისად მოთხოვნა არ არის ისეთი მაღალი როგორიც პანდემიამდე იყო. თუმცა ავიაკომპანია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრის მონიტორინგზე, მუდმივად ვადევნებთ თვალს მოთხოვნას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაიზარდოს სიხშირეები, ამისთვის აქტიურად ვემუშავებით ავიაკომპანიას.
დაგეგმილია, რომ სიხშირეების დამატება მოხდება ეტაპობრივად. Wizz Air-ი ასევე ახლო მომავალში აღადგენს ვენის მიმართულებას, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული და ასევე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე მოსალოდნელია აბუ დაბის მიმართულების გახსნასც”, აცხადებს ვაკო ჭილაშვილი.