COVID-19-ის პანდემიის გამო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების ფონზე ავიაკომპანიების ნაწილმა საქართველოს მიმართულებით ფრენების შემცირების ან გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.
“ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული განაცხადის შესაბამისად, ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.
ამავე შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, თუმცა ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.
ცვლილებებია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგში. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, აცხადებენ სააგენტოში.
არსებული განრიგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: