მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკომპანია Emirates, რომელიც დუბაიშია ბაზირებული, მიმდინარე წელს 17,300-ზე მეტი ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. მათ შორის, დაახლოებით 5,000 კაბინის ეკიპაჟის წევრია, რომელთა მოსაზიდად ავიაკომპანია აქტიურად მიმართავს ევროპულ ბაზარს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეზონურ დასასვენებელ ლოკაციებს, როგორიცაა მადეირა, ტენერიფე, პიზა და ლანსაროტე, სადაც Emirates-ის სკაუტები ცდილობენ დროებითი სეზონური მუშახელის გადაბირებას მუდმივი სამუშაოსთვის. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით იმართება ღია მიღების დღეები, მათ შორის ლონდონში, კარდიფში, ბრაიტონში და ედინბურგში.
ავიაკომპანიის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია: კანდიდატები უნდა იყვნენ 21 წლის ან უფროსი, ჰქონდეთ მინიმუმ ერთი წლიანი გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, არ უნდა ჰქონდეთ ტატუები და გადალახონ ინგლისური ენის ტესტი. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური პარამეტრები – კაბინის ეკიპაჟის წევრები უნდა იყვნენ მინიმუმ 160 სმ სიმაღლის და შეძლონ 212 სმ-ის სიმაღლეზე მიწვდომა, რაც აუცილებელია A380 ტიპის თვითმფრინავებში მუშაობისთვის.
Emirates-ის ერთ-ერთი რეკრუტერი, ემილი ბარი, თავად ყოფილი ბორტგამცილებელია და აღნიშნავს, რომ წარმატებული კანდიდატები გადიან რვა კვირიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების, მომსახურების და „გრუმინგის“ დღის სწავლებას — რაც ავიაკომპანიის მაღალი ვიზუალური და ქცევითი სტანდარტების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.
ავიაკომპანიაში დასაქმებულებს საშუალოდ თვეში 100-120 საჰაერო საათის ფრენა უწევთ, რაც მოიცავს როგორც ერთსაათიან რეისებს ბაჰრეინში, ასევე გრძელი მანძილის რეისებს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. წარმატებული აპლიკანტები საქმიანობას ეკონომ კლასში იწყებენ, ხოლო პრემიუმ ზონაში გადასვლა შესაძლოა ორი წლის შემდეგ მოხდეს.












