ავიაკომპანია Emirates-მა Skywards Miles-ის ბონუს პროგრამაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 8 წლამდე ასაკის მგზავრებს შეეხო. ამიერიდან, მცირეწლოვან ბავშვებს დაგროვილი მილით პირველი კლასის ბილეთების აღება ან მომსახურების კლასის გაუმჯობესება (Upgrade) არ შეუძლიათ.
მანამდე, პროგრამა Classic Rewards-ი მგზავრებს საშუალებას აძლევდა, მილი ნებისმიერი კლასის ბილეთში გადაეცვალათ, როგორც Emirates-ის, ასევე flydubai-ს რეისებზე. მილების გამოყენების მინიმალური ოდენობა 5,000 მილს შეადგენდა და მგზავრებს შეეძლოთ, მთელი ბილეთი, გადასახადების გარდა, მილებით გადაეხადათ.
პროგრამაში ასევე მოქმედებდა Reward Upgrades-ის ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც მომსახურების კლასის გაუმჯობესება 7,020 მილიდან იყო შესაძლებელი. კლასის ამაღლება ბოლო მომენტშიც შეიძლებოდა – რეგისტრაციისას ან პირდაპირ ბორტზე.
განახლებული წესების შემდეგ, 8 წლამდე ბავშვები ამ შესაძლებლობებით კონკრეტულად პირველი კლასის შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებენ. თუმცა, მშობლებს კვლავ შეუძლიათ, თავიანთი შვილებისთვის First Class-ის ბილეთები ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით შეიძინონ. შეზღუდვა მხოლოდ ბონუს მილების გამოყენებას ეხება.
Emirates-ი აღნიშნავს, რომ Skywards Miles-ი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლოიალობის პროგრამად რჩება, რომელიც 35 მილიონზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ავიაკომპანიის მონაცემებით, პროგრამას ყოველ წუთს შვიდი ახალი მომხმარებელი უერთდება, ერთი მგზავრი მომსახურების კლასს წუთში ერთხელ იუმჯობესებს, ხოლო ყოველდღიურად დაახლოებით 100 ათასი ოპერაცია სრულდება მილების დარიგებასთან დაკავშირებით.












