Emirates Airline-მა გააფორმა კონტრაქტი Boeing Co.-სგან 65 ერთეული ფართოკორპუსიანი თვითმფრინავის შესყიდვაზე, რომლის საერთო საპროექტო ღირებულება $38 მილიარდს შეადგენს.

კონტრაქტი 777-9 მოდელის თვითმფრინავების მიწოდებაზე გაფორმდა დუბაის საავიაციო შოუს პირველ დღეს. შეკვეთა ასევე მოიცავს 130 ერთეული GE9X ძრავის მიწოდებას.

მიწოდება დაიწყება 2027 წლის მეორე კვარტალში.

ამ გარიგების შემდეგ, Emirates-ის მიერ Boeing-ზე შეკვეთილი ფართოკორპუსიანი თვითმფრინავების საერთო რაოდენობამ 315 საჰაერო ხომალდს, ხოლო ძრავების რაოდენობამ 540 ერთეულს მიაღწია. Emirates მსოფლიოში Boeing 777-ის უმსხვილესი ოპერატორია.

ამასობაში, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ flydubai-სგან ვიწროკორპუსიან თვითმფრინავებზე შეკვეთების ძირითადი წილი შესაძლოა Airbus-მა მიიღოს. წყაროების ცნობით, flydubai შეუკვეთავს დაახლოებით ას ერთეულ A321neo თვითმფრინავს და მხოლოდ რამდენიმე ათეულ 737 MAX-ს.