არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-მა პირველი ჩამოწერილი ავიაგიგანტის Airbus A380-ის ავეჯად და საავიაციო სუვენირად ქცევა გადაწყვიტა.

2008 წელს გამოშვებული 2 სართულიანი ხომალდი, სარეგისტრაციო ნომრით A6-EDA, დუშ-კაბინებითა და ბარით მგზავრებს 2020 წლამდე ემსახურებოდა. თვითმფრინავმა 12 წლის განმავლობაში 6 319 რეისი შეასრულა.

Airbus A380 რეესტრიდან ამოიღეს, ყველა ღირებული ნაწილი მოხსნეს და უტილიზაციისთვის ადგილობრივ კომპანიას გადასცეს. 

კონტრაქტორი კომპანიის ამოცანა კი თვითმფრინავის რაც შეიძლება მეტი ნაწილის გადამუშავებაა, რათა მათ მეორე სიცოცხლე მიიღონ და ნაგავსაყრელზე არ მოხვდნენ. თვითმფრინავის დეტალების გადამუშავების შედეგად მიიღება არა მხოლოდ ალუმინი მოპირკეთებისთვის, ასევე ინტერიერის სხვადასხვა ნივთები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონცეფცია აირჩია Lufthansa-მაც და თავის Airbus A340-ს მეორე სიცოცხლე მისცა. ხომალდის ცალკეული დეტალებისგან დამზადდა ბრელოკები, ავეჯი, კედლის საათები და სხვა.

Airbus A380 მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავია. მისი უმსხვილესი ოპერატორი კი ავიაკომპანია Emirates-ია.  A380-ებს აქვთ ორი სრული გემბანი და ერთი რეისით 853-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ.

ზოგადად კი A380-მა წააგო პატარა თვითმფრინავებთან მიმართებაში, რომლებსაც ორი ძრავი აქვთ და იმავე მანძილზე ფრენა შეეძლოთ. იმავდროულად, A380-ის სალონების შევსება რთული იყო მათი ტევადობის გამო, ხოლო მგზავრების ტრანსპორტირების ღირებულება უფრო მაღალი იყო თვითმფრინავის ოთხი ძრავის გამო.