euronews-ის მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა. სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი. “საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს” – ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
სიუჟეტში ბათუმის და ზოგადად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ. სიუჟეტი euronews-ის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად euronews-ზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა. რეგიონის სარეკლამო კამპანია euronews-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.