ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ავიაკომპანია Wizz Air – ის დელეგაციის წევრებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ტენდენციები, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3 500 მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღინიშნა, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას.
როგორც Wizz Air – ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო ავიაკომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე,Wizz Air – ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო 2026 წლიდან სრულიად ახალი – ბრატისლავას მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.

ითქვა, რომ ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 თვითმფრინავია ბაზირებული.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან Wizz Air – ის საქმიანობის შემდგომი განვითარების საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.