საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის სადეპუტატო შეკითხვას პასუხობს. დეპუტატმა მინისტრის პასუხი მიიღო, თუმცა პასუხში რეალური დეტალების შესახებ არაფერი წერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დეპუტატს ეუბნება, Wizz Air-თან და Ryanair-თან ხელშეკრულებებში მხარეს სამინისტრო არ წარმოადგენს.

“გაცნობებთ, რომ თქვენი 2019 წ. 9 აგვისტოს N9870/3-24/19 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ინფორმაციის მოწოდებას ავიაკომპანიებთან „Wizz Air“ და „Ryanair“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების მხარეს არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან (მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან) არ განხორციელებულა მითითებული კომპანიების სუბსიდირება, უფრო მეტიც ამ მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ განხორციელებულა არანაირი სახის დაფინანსება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებების პირობები არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რაიმე ვალდებულებას. მითითებულ ავიაკომპანიებთან
დადებული ხელშეკრულებების უშუალო მხარეს წარმოადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების
გაერთიანება“, რომლის პასუხი გეგზავნებათ დანართის სახით”, აღნიშნულია მინისტრის მიერდეპუტატისთვის მიწერილ წერილში.

დანართი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახსენებს, ​წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილისთვის მიწერილ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენებით, წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ისეთ საქმიანობას, რომელთან დაკავშირებულ ინფორმაციაზეც არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი წესები.

გიორგი ჩოგოვაძე ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში განმარტავს, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ არასოდეს განხორციელებულა სამოქალაქო აეროპორტებში ფრენების შემსრულებელი ავიაკომპანიების სუბსიდირება. რაც შეეხება ავიაკომპანია “Wizz Air”-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ ფარგლებში ნებისმიერი ანგარიშსწორება ხორციელდება შპს
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კუთვნილი ფინანსური სახსრების გამოყენებით და ამ ხელშეკრულებათა პირობების მიხედვით მათი შინაარსი არ არის საჯარო, ატარებს მკაცრად კონფიდენციალურ ხასიათს”.

“თქვენი 2019 წლის 12 სექტემბრის №17/6993 წერილის პასუხად წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბატონი რომან გოცირიძის 2019 წლის 09 სექტემბრის კითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ როგორც მოგეხსენებათ ავიაკომპანია “Wizz Air”-სა და „Ryanair“-თან საქართველოს აეროპორტებში ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული ყოველგვარი ხელშეკრულების მხარეა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ჩვენი კომპანია კი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის კანონიერ ძალაში შესული №3/8274-16 გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენებით,
წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ისეთ საქმიანობას, რომელთან დაკავშირებულ ინფორმაციაზეც არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი წესები. გამომდინარე აქედან, ჩვენი კომპანიის ნებისმიერი ტიპის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ეს საქმიანობა არ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების გამოყენებით, არ ითვლება საჯარო ინფორმაციად და არ ექვემდებარება სავალდებულო გაცემას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი წესების მიხედვით.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პარლამენტის წევრის კითხვაში მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით იმ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, რომელიც არ ითვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზვრულ საჯარო ინფორმაციად, შესაძლებელია გავრცელდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე, როგორც საჯარო დაწესებულებაზე, მაგრამ იგი ვერ შეეხება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ვინაიდან ჩვენი კომპანია წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
პარლამენტის წევრის შეკითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ არასოდეს განხორციელებულა სამოქალაქო აეროპორტებში ფრენების შემსრულებელი ავიაკომპანიების სუბსიდირება. რაც შეეხება ავიაკომპანია “Wizz Air”-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ ფარგლებში ნებისმიერი ანგარიშსწორება ხორციელდება შპს
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კუთვნილი ფინანსური სახსრების გამოყენებით და ამ ხელშეკრულებათა პირობების მიხედვით მათი შინაარსი არ არის საჯარო, ატარებს მკაცრად კონფიდენციალურ ხასიათს და ჩვენს კომპანიას არ გააჩნია უფლებამოსილება მესამე პირთათვის ხელმისაწვდომი გახადოს ისინი.
არსებითად იგივე მდგომარეობაა ავიაკომპანია „Ryanair“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. მათ ფარგლებში არ განხორციელებულა ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების გამოყენებით.
შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ხელშეკრულებები, ერთი მხრივ, ვერ ჩაითვლება საჯარო ინფორმაციის მატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, მსგავსად ავიაკომპანია “Wizz Air”-თან გაფორმებული ხელშეკრულებებისა, ისინიც კონფიდენციალურია.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 აგვისტოს №1865 განკარგულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებები მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, არ არსებობს მათი მესამე პირებისათვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.
ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროისათვის შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ არ აქვს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში ფრენების განმახორციელებელ არც ერთ ავიაკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რაიმე ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების გამოყენებით”, აღნიშნულია გიორგი ჩოგოვაძის წერილი.

შეგახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ რამდენიმე დის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათელა თურნავას ოფიციალური წერილით მიმართა „ლოუკოსტერებთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალებით დაინტერესდა.

“გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პირობებით აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაფორმებული ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან „Wizz Air” და „Ryanair“.

ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან,  რა ფორმით ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირებისთვის კომპანიების სუბსიდირება ან მარკეტინგული მხარდაჭერა, რამდენია დღემდე სუბსიდირებისათვის/მარკეტინგული მხარდაჭერისათვის გაწეული ხარჯები და რამდენი იქნება მოსალოდნელი ხარჯი?

სუბსიდირების გარა, „Wizz Air”-სა და „Ryanair“-თან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სხვა სახის ვალდებულებების შესრულებას?”, წერია რომან გოცირიძის მიერ ნათელა თურნავას სახელზე გაგზავნილ წერილში.