ევროპის ბიზნეს-ავიაციის კონვენციისა და გამოფენის (EBACE) ორგანიზატორებმა 2026 წლის ღონისძიების ახალი თარიღები დაადასტურეს. შოუ, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს იმართებოდა, ერთი კვირით გადაიწია და 2-დან 4 ივნისამდე გასტანს.

ევროპის ბიზნეს-ავიაციის ასოციაციამ (EBAA) გადაწყვეტილება საერთაშორისო ღონისძიებების კალენდრის დეტალური გადახედვის შემდეგ მიიღო. ერთ-ერთი ფაქტორი 27 მაისს დაგეგმილი რელიგიური დღესასწაული „ყურბან-ბაირამია“ (Eid al-Adha) – ბოლო წლებში გამოფენაში ახლო აღმოსავლეთიდან მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თარიღის შეცვლა კი მათ დასწრებას გაუადვილებს.

ძირითადი განახლებები:

  • ლოკაცია: გამოფენა კვლავ ჟენევის საერთაშორისო აეროპორტთან, Palexpo-ს კომპლექსში ჩატარდება.

  • მედია დღე: 1 ივნისს გაიმართება პრესკონფერენციები და ახალი პროდუქტების პრეზენტაციები.

  • განრიგი: შოუ დაუბრუნდება ტრადიციულ გრაფიკს და სამშაბათიდან ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორები მონაწილე კომპანიებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს სთავაზობენ:

  1. თვითმფრინავების განთავსება: საფასური თითქმის 5-ჯერ შემცირდა წინა წლებთან შედარებით.

  2. საგამოფენო ფართი: დახურული სივრცის ფასები 2024 წლის დონეზე “გაიყინა”, რათა მონაწილეებს ფინანსური სტაბილურობის განცდა ჰქონდეთ.

  3. ახალი სივრცე: სტატიკური ექსპოზიციისთვის გამოიყოფა 40,000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი, სადაც კომპანიებს შეეძლებათ მოაწყონ სპეციალური სტუმართმიმღები სივრცეები (Hospitality Structures) კლიენტებისთვის.

EBAA-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ბენცის განცხადებით, 2026 წლის შემდეგ EBACE ფორმატს შეიცვლის: გამოფენა ჟენევაში მხოლოდ ლუწ წლებში დაბრუნდება, ხოლო კენტ წლებში ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.

ჯავშნების მიღება 2026 წლის იანვრიდან დაიწყება, პრემიუმ ლოკაციები კი სპეციალური შერჩევის პრინციპით 8 იანვარს განაწილდება.