ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას Airbus-თან დამატებითი 257 თვითმფრინავის შესყიდვაზე.
თვითმფრინავების შეძენის გარიგება კვლავ ექვემდებარება აქციონერთა დამტკიცებას. წინასწარი ინფორმაციით, easyJet შეიძენს 157 თვითმფრინავს Airbus A320neo-ს ოჯახიდან და ასევე იღებს დამატებით 100 თვითმფრინავის შეძენის უფლებას. შეკვეთილი თვითმფრინავების უმეტესობა იქნება ოჯახის ყველაზე დიდი მოდიფიკაცია – A321neo. თვითმფრინავის მიწოდება 2029-2034 წლებში მოხდება. კონტრაქტი 19 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
easyJet-მა კონტრაქტის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც წლის მოგების პროგნოზი 440 მილიონი ფუნტიდან 460 მილიონ ფუნტამდე (542 მილიონი დოლარიდან 567 მილიონ დოლარამდე) გაზარდა და განაცხადა, რომ განაახლებს დივიდენდის გადახდას.