FILE PHOTO: EasyJet airplanes are parked on the tarmac during the official opening of the new Berlin-Brandenburg Airport (BER) "Willy Brandt", in Schoenefeld near Berlin, Germany October 31, 2020. REUTERS/Hannibal Hanschke

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა გამოაცხადა, რომ 2026 წლის მარტში ისრაელში ფრენებს განაახლებს. გადაწყვეტილება, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, მიუთითებს ბაზარზე ფრთხილ დაბრუნებაზე.

easyJet-ის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია ბილეთები თელ-ავივი–ლონდონი (ლუტონი)მარშრუტზე 2026 წლის 29 მარტიდან.

ეს გადაწყვეტილება თვალსაჩინო შემობრუნებაა, რადგან ავიაკომპანიამ 2023 წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ შეაჩერა ფრენები და რამდენჯერმე გადადო დაბრუნების თარიღი. თავდაპირველად ფრენები 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმებოდა, თუმცა ჰუსიტების თავდასხმებმა ბენ-გურიონის აეროპორტზე, მოგვიანებით კი ირანთან კონფლიქტმა, თარიღი 2026 წლის ზამთრამდე გადასწია.

ავიაკომპანია განიხილავს ბენ-გურიონიდან მიმართულებების გაფართოებასაც და შესაძლოა, ომის დაწყებამდე არსებულზე მეტი მარშრუტი დაამატოს. შეჩერებამდე easyJet-ი თელ-ავივიდან ასრულებდა რეისებს ლონდონში, ამსტერდამში, ბერლინში, ბაზელში, ჟენევასა და მილანში.

easyJet-ის დაბრუნება არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ ფრთხილი მცდელობა, შეისწავლოს ბაზარი და გაარკვიოს, რამდენად ხდება ისრაელი ისევ პროგნოზირებადი საერთაშორისო გადამზიდავებისთვის.

როგორც ჩანს, ავიაკომპანიის მენეჯმენტმა დიდხანს აწონ-დაწონა რისკები: უსაფრთხოება, სამგზავრო მოთხოვნა და დაზღვევის ღირებულება. მიუხედავად ყველაფრისა, კომპანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარტში დაბრუნება გამართლებული იქნება. მარშრუტების სავარაუდო გაფართოება კი უფრო მეტად თავდაჯერებულ გრძელვადიან პერსპექტივაზე მიანიშნებს.

ბაზარზე კონკურენციის დაბრუნებამ შესაძლოა ოდნავ გააცოცხლოს ფასები და მოგზაურობას ჩვეული დინამიკა დაუბრუნოს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ერთი გაბედული კომპანიის ეს ნაბიჯი სხვა ავიაკომპანიებისთვისაც გახდება ბაზრის გამოცოცხლების სიგნალი.