ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სამედიცინო ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს უწყების მიერ, ევროპული რეგულაციების ((EU) 1178/2011-ის PART- MED და (EU) 2015/340)) დანერგვის არსებული სტატუსის შეფასება წარმოადგენდა.
ექსპერტების მიერ შემოწმებულ იქნა 2019 წელს მიღებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის” შესაბამისობა ევროპულ მოთხოვნებთან, შესაბამისი პროცედურები და კითხვარები. სააგენტოს სამედიცინო შემფასებელმა კოლეგებს დეტალურად გააცნო ავიასამედიცინო მიმართულებით არსებული სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის პროცესი. აღნიშნულის ფარგლებში, ვიზიტი შედგა „პირველ ავიასამედიცინო ცენტრში“ სადაც ადგილზე შემოწმდა ავიასპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების პროცესი, სამედიცინი აღჭურვილობა და სამედიცინო ცენტრის უსაფრთხოების სისტემა.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სამედიცინო ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ავიასამედიცინო მიმართულებით მიღწეული პროგრესი. აქვე, გაიცა სასარგებლო რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სააგენტოს სერტიფიცირების და ზედამხედველობის მექანიზმების სრულყოფასა და ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში.
ავიაციის სააგენტომ ავიასამედიცინო სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვა 2019 წლიდან დაიწყო. „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესმა“ დაადგინა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკურ მოთხოვნები და ადმინისტრაციული პროცედურები სამოქალაქო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისთვის. რეგულაციის მიზანია ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დადგენის, ასევე, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით. რეგულაციის დანერგვის მეორე ფაზის ფარგლებში, სააგენტომ 2020 წელს განახორციელა ავიასამედიცინო ცენტრის რესერტიფიცირება ახალი სტანდარტების შესაბამისად.
დღეისათვის, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულია ერთი ავიასამედიცინო ცენტრი (შპს „პირველი ავიასამედიცინო ცენტრი“) და ოთხი ავიასამედეცინო ექსპერტი. ახალი მოთხოვნების შესაბამისად ავიასპეციალისტის მოწმობა გაიცა დაახლოებით 550 ავიასპეციალისტზე.