ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA ) ახალი საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა. სახელმძღვანელო განკუთვნილია აეროდრომებისათვის, რათა ისინი მოემზადონ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად.
COVID-19-ის აფეთქების და სახელმწიფოების მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო, ფრენების უმრავლესობა შეჩერებულია და აეროდრომები იძულებულნი გახდნენ მუშაობა შეემცირებინათ, ან შეეჩერებინათ.
ბევრ აეროპორტში ასაფრენი ბილიკები სადგომებად გამოიყენება, საავიაციო სისტემები კი გამორთულია და მათი შემოწმება აღარ ხორციელდება ძველი ინტენსიობით.
„იმის მიუხედავად, რომ ოპერაციების განახლების ვადა ჯერ უცნობია, მნიშვნელოვანია, რომ აეროდრომები მზად იყვნენ მუშაობის უსაფრთხო განახლებისთვის“, აღნიშნულია EASA-ს განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აეროპორტების ოპერატორებს შეადგინონ გეგმა, რომელიც მუშაობის განახლებამდე უნდა განხორციელდეს.