ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) აეროპორტის ოპერატორებს მოუწოდებს, ასაფრენ/დასაფრენ ზოლებზე „Stop-Bar“ (გაჩერების ხაზის) შუქების უწყვეტი გამოყენება დანერგონ, როგორც უსაფრთხოების დაცვის მექანიზმი ზოლზე არასანქცირებული შესვლის, ანუ ინკურსიის რისკის შესამცირებლად. EASA აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი იზრდება, როგორც აბსოლუტური თვალსაზრისით, ასევე ფრენების საერთო რაოდენობასთან შეფარდებით.

ბარიერის პოტენციალი

EASA-ს შეფასებით, „Stop-Bar“ შუქების გამოყენება „ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბარიერად“არის აღიარებული ინკურსიის პრევენციისთვის. თუმცა, სააგენტო აცხადებს, რომ ეს სისტემები „სრულ პოტენციალს არასდროს იყენებენ“.

ამჟამინდელი მოთხოვნა: „Stop-Bar“ შუქების გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ დაბალი ხილვადობის პირობებში.

EASA-ს რეკომენდაცია: მიუხედავად იმისა, რომ EASA სხვა დროსაც რეკომენდაციას უწევს მათ გამოყენებას, ახლად გამოცემულ ბიულეტენში სააგენტო ამტკიცებს, რომ მათი უწყვეტი გამოყენება „მხოლოდ ხანდახან ხორციელდება“, თუნდაც იმ აეროპორტებში, სადაც ინკურსიის რისკი მაღალია.

EASA იხსენებს გასული წლის Japan Airlines-ის Airbus A350-ის შეჯახებას სანაპირო დაცვის თვითმფრინავთან ტოკიოს ჰანედას აეროპორტში. აეროპორტი აღჭურვილი იყო „Stop-Bar“ შუქებით, მაგრამ ისინი არ მუშაობდნენ შემთხვევის ღამეს და, ზოგადად, მხოლოდ დაბალი ხილვადობისას გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, შვეიცარიის, დანიისა და ესპანეთის საავიაციო უსაფრთხოების საგამოძიებო ორგანოებმა ინკურსიის ცალკეული ინციდენტების შემდეგ, უკვე გამოსცეს რეკომენდაციები „Stop-Bar“ შუქების უწყვეტი გამოყენების შესახებ.

დანერგვის სირთულეები და ინვესტიციები

EASA აღიარებს, რომ „Stop-Bar“ შუქების მუდმივი გამოყენების დანერგვა არის „რთული ცვლილება“, რომელიც მოითხოვს „საფუძვლიან კოორდინაციას და მტკიცე დაგეგმვას“. სააგენტო ასევე აფრთხილებს, რომ თავად გარდამავალმა პროცესმა შესაძლოა ახალი უსაფრთხოების რისკები შემოიტანოს, რომლებიც უნდა შეფასდეს და შემცირდეს.

ბიულეტენში ნათქვამია: „მნიშვნელოვანია შემუშავდეს დეტალური იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს პოტენციურ გავლენას ზოლის გამტარუნარიანობასა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის (ATC) სამუშაო დატვირთვაზე“.

EASA-ს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ აეროპორტში შესაძლებელია [24-საათიანი] „Stop-Bar“ გამოყენების შემოღება შეზღუდული ან ნულოვანი გავლენით, მაღალი ტრაფიკის პირობებში, შესაძლოა დამატებითი ინვესტიციები იყოს საჭირო.

ბიულეტენი ძირითადად მიმართულია იმ აეროპორტებისკენ, რომლებსაც უკვე აქვთ „Stop-Bar“ ინფრასტრუქტურა. თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ სხვა ობიექტებმაც, რომლებიც არ უზრუნველყოფენ დაბალი ხილვადობის ოპერაციებს, უნდა განიხილონ მათი დაყენება, როგორც ინკურსიის პრევენციის სტრატეგიის ნაწილი.