ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციისა და ტურისტული სექტორების აღდგენა-განვითარების კუთხით სხვა ქვეყნებთან და პარტნიორ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს პულსზე ხელი – თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად, უსაფრთხოდ გავზარდოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შეზღუდვების შემსუბუქების ფუფუნება გვექნება“, -აღნიშნა მან გადაცემა „საქმიანი დილა“-ში სტუმრობისას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ავიაცია და ტურიზმი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ამ მიმართულებების, ასევე მთის კურორტების სექტორის ერთი საკურატორო ქოლგის ქვეშ მოქცევა. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა დღეს ამ პოზიციაზე დანიშვნა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიას თავისი უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ორივე ინდუსტრიაზე – იქნება ეს ავიაცია გლობალურად თუ ტურიზმის ინდუსტრია გლობალურად.
„რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ უკვე საერთოა ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესი, რაც ნიშნავს – რაც უფრო მეტ მგზავრს გადმოიყვანს ავიაკომპანია და ეს მისი კომერციული ინტერესია, მეტი გადმოყვანილი მგზავრი კი ჩვენთვის მეტი, დამატებითი ტურისტული ნაკადი. შესაბამისად, ვფიქრობ, აქ ჩვენ გვექნება დიდი არეალი იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან და იმ ინსტრუმენტებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მან მაქსიმალურად იმუშაოს ავიაკომპანიებთან სტრატეგიული, სამიზნე ბაზრებიდან, რომ მათ ჰქონდეთ მეტი გარანტია და მეტი სიმყარე იმისთვის, რომ საქართველო ამოარჩიონ ძალიან ბევრ ქვეყანას შორის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხელისუფლებას აქვს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, რათა ამ დარგების აღდგენა-განვითარება უმოკლეს ვადაში მოხდეს.