ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენას საქართველო გრანდიოზული კონცერტით გახსნის. გალა გახსნაში მონაწილეობას მიიღებს ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“. ქართველი ხელოვანები City Cube-ის პავილიონში 3 ათასამდე მაყურებელს საქართველოს კულტურას გააცნობენ. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „სუხიშვილების“ მოცეკვავე ნათია ბაკურაძე. „ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა საქართველოსთვის ბერლინში, ვმონაწილეობთ სუხიშვილები, რაც ძალიან გვახარებს, რომ ჩართულები ვართ ამ დიდ ღონისძიებაში.

წარვადგენთ სხვადასხვა ცეკვებს, განახლებულ სამაიას, ასევე ცდოს, ზეკარსა და ჯუთას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტია რადგან მრავალათასიანი აუდიტორია გაეცნობა ჩვენს კულტურას“,-აცხადებს ანსამბლ “სუხიშვილების” ოცეკვავე ნათია ბაკურაძე.

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.