დუბაი მსოფლიოს კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურული პროექტით გაოცებას გეგმავს. საუბარია ფუფუნების კლასის სასტუმრო Emirates Air Hotel-ზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდი დირჰამია (€715 მილიონი). პროექტის მთავარი “სავიზიტო ბარათი” სახურავზე დამონტაჟებული ნამდვილი სამგზავრო თვითმფრინავი, Airbus A380 იქნება.
სასტუმრო 580 მეტრის სიმაღლის იქნება (დაახლოებით 150 სართული). პროექტის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.
ცათამბჯენი Dubai Creek Harbour-ის რაიონში აშენდება, რომელსაც ხშირად ახლო აღმოსავლეთის “მანჰეტენს” უწოდებენ.
სახურავზე განთავსებული Airbus A380 მხოლოდ დეკორაცია არ იქნება. ლაინერი სრულად გადაკეთდება ექსკლუზიურ სივრცედ, სადაც განთავსდება:
ბარი პილოტების კაბინაში;
რესტორნები და პანორამული მოსასვენებელი ზონები;
შუშის „ფრთები“, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები გადაიშლება.
ექსპერტების აზრით, ახალმა სასტუმრომ შესაძლოა დაჩრდილოს ისეთი არქიტექტურული ხატებიც კი, როგორიცაა ბურჯ ხალიფა და ბურჯ ალ-არაბი. პროექტი მიზნად ისახავს საავიაციო მემკვიდრეობისა და ულტრათანამედროვე სასტუმრო სერვისის გაერთიანებას, რაც სრულიად ახალ ფორმატს ქმნის ურბანულ დიზაინში.
ეს პროექტი დუბაის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე, ტურიზმსა და მსოფლიო არქიტექტურული რეკორდების დამყარებაზე, რაც ქალაქს პლანეტის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად აქცევს.












