დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საჰაერო ჰაბის სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის, 95,2 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა წლის 92,3 მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით. ამჟამად ჰაბი 108 საერთაშორისო ავიაკომპანიის მეშვეობით აკავშირებს 110 ქვეყნის 291 ქალაქს, რაც ხაზს უსვამს დუბაის, როგორც გლობალური ტრანზიტული ცენტრის უალტერნატივო როლს. ექსპერტების პროგნოზით, 2026 წელს მგზავრთნაკადი 100-მილიონიან ზღვარს მიაღწევს, რისთვისაც საამირო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დუბაი მეორე ჰაბის, ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე მუშაობს, რისთვისაც 35 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გამოყოფილი. გეგმის მიხედვით, ახალი საავიაციო ნავსადგური ხუთი პარალელური ასაფრენი ბილიკითა და 400 გასასვლელით (Gate) აღიჭურვება, რაც მას წელიწადში 260 მილიონი მგზავრის მომსახურების საშუალებას მისცემს. პროექტის ძირითადი ფაზის ამოქმედება 2032 წლისთვის იგეგმება, რაც დუბაის მსოფლიო ავიაციის აბსოლუტურ ლიდერად აქცევს.
პარალელურად, საავიაციო სექტორის სწრაფმა განვითარებამ და მოსახლეობის ზრდამ ქალაქში სატრანსპორტო გამოწვევები შექმნა. დუბაის მოსახლეობა, რომელიც 1980 წელს მხოლოდ 255 ათასს შეადგენდა, დღეს თითქმის 3,8 მილიონს აღწევს, ხოლო 2040 წლისთვის 5,8 მილიონამდე გაიზრდება. გზების გადატვირთულობის მოსაგვარებლად ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საგზაო ინფრასტრუქტურასა და მეტროს ქსელის გაფართოებაში. გარდა ტრადიციული მეთოდებისა, დუბაი ინოვაციურ გადაწყვეტილებებსაც ნერგავს, როგორიცაა წყლის ტაქსი, ველოსიპედების ქსელის განვითარება და მფრინავი ტაქსების პროექტი, რაც ქალაქში მობილობის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.












