არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა აამოქმედა სისტემა, რომელიც მგზავრებს ბიომეტრიის გამოყენებით ფრენის საშუალებას აძლევს, ამის შესახებ ინფორმაციას Gulf News-ი ავრცელებს.
აეროპორტში მიაჩნიათ,რომ სახის ამოცნობის სისტემის გამოყენება საგრძნობლად დააჩქარებს საპასპორტო კონტროლის გავლას.
„ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს სერვისებს უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებით და ვცდილობთ მოვემსახუროთ მომხმარებლებს სწრაფად და უნაკლოდ. ჩვენი მიზანია, რომ დუბაის აეროპორტები მგზავრებისთვის ყველაზე მოსახერხებელი გავხადოთ“, – განაცხადა დუბაის აეროპორტების გენერალური მენეჯერის თანაშემწემ ტალალ აჰმედ ალ შანკიტიმ.
მისივე თქმით, GDRFA-ს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მოგზაურებს საზღვრის გადაკვეთა სახის ბიომეტრიის საფუძველზე – პასპორტის ან სხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეეძლებათ.
მან ასევე დასძინა, რომ თუ მგზავრი მიფრინავს ქვეყანაში, სადაც საპასპორტო კონტროლის გასავლელად პასპორტში შტამპია საჭირო, მაშინ მას შეუძლია აეროპორტის თანამშრომლებს შესაბამისი სერვისის მისაღებად დაუკავშირდეს.